1 მასრა მოსაწევი
500 ლარი

ზუსტად ამ თანხის გადახდა მოგიწევს, თუ ერთი ჩაყრა მოსაწევი გიპოვეს. საქართველოში მარიხუანის მოხმარება ოფიციალურად ლეგალურია, მაგრამ კანონმდელობა მის შეძენას, შენახვას და გადაზიდვას ყველა გზით კრძალავს. ჰო, ეს ყველაფერი ალოგიკურია და ზუსტად ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვები.

1. მაშინ რა შემთხვევაში შემიძლია მშვიდად მოწევა?

მარტო იმ შემთხვევაში, თუ უკვე 21 წლის ხარ, შენთან ან სხვასთან (მაგალითად, მეგობართან) სახლში იმყოფები და გარშემო არასრულწლოვნები არ არიან. და კიდევ– არც ჯიბეში და არც სახლში არც ერთი და არც ნახევარი ჩაყრა არ უნდა გედოს.

2. სად არ შეიძლება მოწევა?

როგორც უკვე მიხვდებოდი, არსად, სახლის გარდა. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოწევაზე ჯარიმა 800-დან 1200 ლარამდეა.

3. ვისთვის არ შეიძლება მოწევა?

არავისთვის არ შეიძლება 21 წლამდე. 21 წლამდე პირებისთვის მოწევაზე ჯარიმა 500-დან 1500 ლარამდეა. არ შეიძლება მოწევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს– ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე. უფრო მეტიც,თუ განსაკუთრებულ საფრთხესთან და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროფესიის წარმომადგენელი ხარ, მაშინ ჯარიმას პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემატება.

4. კიდევ რა მეკრძალება?

თითქმის ყველაფერი. მაგალითად:

  • მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანი ადამიანის თანდასწრებით –ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე
  • არასრულწლოვნის წაქეზება ან დაყოლიება მოწევაზე–6-დან 10 წლამდე პატიმრობა
  • ორი ან ორზე მეტი ადამიანის წაქეზება ან დაყოლიება–ამაზეც პატიმრობა 6-დან 10 წლამდე
  • მანქანის (სატრანსპორტო საშუალების)მართვა მოწეულზე – გაითვალისწინე, რომ ალკოჰოლური თრობისგან განსხვავებით,ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ჯარიმით ან 1 წლამდე პატიმრობით ისჯება. გარდა ამისა, თუ წესებს დაარღვევ ან ვინმეს ზიანი მიადგება,უფრო მკაცრად დაისჯები, ინციდენტის მასშტაბიდან გამომდინარე.
  • პოპულარიზაცია – მართალია, გაუგებარია, რა შეიძლება ჩაითვალოს პოპულარიზაციად, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ მარიხუანის პოპულარიზაცია-რეკლამირებაზე ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 5 000-დან 10 000ლარამდეა, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10 000-დან 20 000ლარამდე.

5. შეძენა-შენახვა-გადატანის შემთხვევაში რა ხდება?

შეძენაც, შენახვაც და გადაზიდვაც დანაშაულად ითვლება. აქ ოდენობები უნდა გაითვალისწინო.

ესეიგი: 5-დან 70 გრამამდე მცირე ოდენობაა, ხოლო 70-ს ზემოთ დიდი ოდენობა.

ჯარიმით მარტო ძალიან მცირე ოდენობის შეძენა- შენახვა-გადაზიდვის შემთხვევაში გამოძვრები. ძალიან მცირე ოდენობაში 5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა ნაიგულისხმება.

თუ 70 გრამამდე გამომშრალ ან/და 100 გრამამდე ნედლ მარიხუანას შეიძენ, შეინახავ ან გადაიტან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრება. ოღონდ არ ვიცით, რითი დაგსჯიან. პატიმრობა კი გაუქმებულია, მაგრამ სასჯელის ტიპი არ კონკრეტდება.

დიდ ოდენობაზე, ანუ 70 გრამზე მეტ გამომშრალ მარიხუანაზე,პატიმრობაა.

6. რა მოხდება თუ ერთ მასრა მოსაწევს აღმომიჩენენ?

ამაზე ჯარიმა 500 ლარია.

7. რა უნდა გავითვალისწინო, თუ სახლში მინდა გავზარდო?

ამაზე პატიმრობა არ არის, მაგრამ სასჯელი განუსაზღვრელია. თანაც ამ შემთხვევაშიც ოდენობები უნდა გაითვალისწინო. მოკლედ და გასაგებად, გამოდის, რომ თვითონ მცენარის წონა არ უნდა აღემატებოდეს 266 გრამს, ნედლი ფოთლები 100 გრამს და გამომშრალი– 70 გრამს. ხომ გახსოვს, 70 გრამზე მეტის შეძენა-შენახვა-გადაზიდვაზე პატიმრობაა.

8. კიდევ რა უნდა გავითვალისწინო?

  • თუ უკვე შეფარდებული გაქვს ადმინისტრაციული სასჯელი შეძენა-შენახვა-გადაზიდვაზე ან ნასამართლევი ხარ ამისთვის, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრდება.
  • თუ ჯერ 21 წლის არ ხარ და ხელმეორედ დაგიჭირეს მოხმარებაზე,ჯარიმა ორმაგდება– 1000 ლარიდან 1500 ლარამდეა.
  • ორმაგია ჯარიმა ხელმეორედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხმარებაზეც– 1200 ლარიდან 1500 ლარამდე.
  • ყველგან, სადაც გადაზიდვა წერია, გადაგზავნაც დაუმატე.