მასრის მოწევის კოდექსი

მასრა*

*ესე არს ლერწამი საზედაოს დასახვევი, გინა თოფის წამლის ჩასაჟარი;
არს სხვაცა ლერწმის მსგავსნი წამლის ჩასაჟარნი, გინა გაკვრეტილნი რამე კალმურად

სოფლიოს ყველა კუთხეში მასრის მოწევის თავისებური ეტიკეტი არსებობს. კანაფის მოყვარულები მჭიდრო, ახლო ურთიერთობაში მყოფი საზოგადოებაა, რომელიც ქცევის კოდიფიცირებულ სტანდარტებს მიყვება. წესების დარღვევის შემთხვევაში, არავინ დაგსჯის, უბრალოდ, შეიძლება, აღარ იყო მიწვეული მომავალ შეკრებაზე - რაც აშკარაა, რომ შენს სურვილებში არ შედის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მასრის მოწევის კოდექსში გაგვეერთიანებინა ყველა ის წესი და უფლება, რომელთა დაცვაც ხელს შეუწყობს მოწევის კულტურას ჩამოყალიბებას.

ნუ მოახდენ ზეწოლას სხვაზე!

პატივი ეცი იმ პირის გადაწყვეტილებას, რომელიც უბრალოდ არ ეწევა, ან აღარ სურს მოწევა. მწეველების წრეში მიუღებელია ყველანაირი სახის ზეწოლა. მნიშვნელოვანია, პატივი სცე სხვების ზღვარს, მოსაზრებებსა და გადაწყვეტილებებს.

პატივი ეცი შემხვევი პირის უფლებებს

საყოველთაოდ გავრცელებულია, რომ გაკიდებაც მას ეკუთვნის, ვინც მასრა შეახვია. თუმცა, ასევე მისაღებია, შემხვევის მხრიდან ამ პრივილეგიის სხვა პირისათვის შეთავაზება.

ორი ნაფაზი და გადააწოდე

გახსოვდეს მასრის გადაწოდების წესები. ორი ნაფაზის შემდეგ, გადააწოდე მეგობარს. გაზიარების ეტიკეტი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კანაფის თემში. ერთად მოწევა კი - შემაკავშირებელი და ინტიმური გამოცდილებაა.

გადააწოდე მასრა მარცხნივ მყოფს

ეს წესი ძველი იამაიკური ტრადიციაა, რომლის თანახმადაც, ხალხი მშვიდობის დროს თრიაქის მასრას მარცხნივ აწვდიდნენ, ხოლო ომიანობის დროს მარჯვნივ. გარდა ამისა, Მარცხნივ გადაწოდებას ლოგიკური და სასარგებლო ახსნაც აქვს - წესის დამკვირდრების შემდეგ, აღარ დაგავიწყდება ვის გადააწოდო მასრა.

არ შეაყოვნო მასრა

ძირითადად, ეს ხდება მაშინ, როდესაც მასრა იმ პირის ხელში აღმოჩნდება, ვინც რაიმე ამბავს ყვება. ხშირად, ამბის მომყოლი ისეა გართული პროცესით, რომ ავიწყდება მასრის გადაწოდება (ბოლოსდაბოლოს, მოწეულია). ჯგუფის წევრებში დიდ მღელვარებას იწვევს იმის ყურება, თუ როგორ ტყუილად იწვის მასრა. ამიტომ, სანამ ვინმე შეგახსენებს, იცოდე, რომ პროცესი არ უნდა შეაყოვნო. და აქვე - შეხსენებაც არ ტეხავს.

ნუ დაასველებ მასრას

არავის მოსწონს პიროვნება, რომელიც მოწევამდე ტუჩებს ილოკავს, შემდეგ მასრას ასველებს და ისე აწვდის სხვას. ეს არაესთეტიური და მინიმუმ არაჰიგიენურია.

ბოლის სახეში შებოლება უხამსობაა

უკიდურესად უხეში და მიუღებელი საქციელია, შეაბოლო ადამიანს სახეში. გარდა იმ შემთხვევისა როდესაც თვითონ გთხოვს ამის გაკეთებას.

გაზიარება ზრუნვაა

მოწევის მთელი არსი - გაზიარებაა. მოსაწევ შეკრებაზე გასაზიარებლად, სასურველია, საკუთარი მასრით მიხვიდე. თუმცა, თუ კი კანაფზე ხელი ვერ მიგიწვდა, არ იდარდო, შეგიძლია ლუდი ან სასუსნაო წაიღო - მწეველები არ ვართ რთული ხალხი.

პატივი ეცი სივრცეს, სადაც ეწევი

სახლის წესები ყოველთვის უზენაესია. თუკი ვინმესთან სტუმრად ხარ და ეწევი, იყავი მოწიწებული. გეცოდინება, რომ ჩვენთან, გარდა სახლისა, სხვა ყველა თავშეყრის ადგილზე მოწევა აკრძალულია. გახსოვდეს, რომ საზოგადოებაში უკულტუროდ მოწევით, ყველა მწეველს ცუდ რეპუტაციას უქმნი.

აცნობე მეგობრებს, თუ ავად ხარ

თუ გაციებული ხარ, მაგრამ მაინც გსურს მეგობრებთან ერთად მოწევა, აუცილებლად საკუთარი მასრით მოწიე. საზიარო მასრით მოწევის შემთხვევაში, ვირუსის ან ინფექციის გადადების მაღალი რისკია. შესაბამისად, შენი ამ საქციელით გამოხატავ მათ მიმართ ზრუნვასა და პატივისცემას.